...

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის წილი იკლებს მსოფლიო ეკონომიკაში, ეს ამერიკულ შესაბამის დოკუმენტშიც არის მოცემული

ვერდიქტი
სიმართლე

“ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში რადიკალურად შემცირდა და ეს წილი კლებისკენ არის მიდრეკილი (ტენდენცია)”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ “არსებობს თუ არა ევროკავშირში კრიზისი”?  

მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ 2008 წელს ეს წილი იყო 30%, 2024 წლისთვის ის 17.5%-მდე შემცირდა.

“ეს ტენდენცია არის კლებისკენ მიდრეკილი. წელსაც, წლის ბოლოს უკვე 17.5-ზე ნაკლები იქნება ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ზუსტად იგივე ციფრები, მცირე განსხვავებით, (წლებში იყო განსხვავება) იყო მოცემული ამერიკულ შესაბამის დოკუმენტში. ეს არის ძალიან მარტივი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკური ტენდენციები ევროკავშირში არის ძალიან უარყოფითი. მარტივი სტატისტიკაა, 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ახლა არის 17.5%. ეს ყველაფერზე მეტყველებს. იგივე პერიოდში, ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში გაიზარდა და ევროკავშირის შემცირდა 30-დან 17.5%-მდე. ასევე, 2008 წელს ჩინეთის ეკონომიკა იყო 4 ტრილიონი დოლარი და ახლა არის, დაახლოებით, 18 ტრილიონი დოლარი, ანუ დაეწია ევროკავშირს. ევროკავშირი დარჩა იქ, სადაც იყო, ჩინეთი დაეწია 4 ტრილიონიდან და ამერიკული ეკონომიკა თუ იყო 15 ტრილიონი, ახლა თითქმის 30 ტრილიონამდეა გაზრდილი. ეს ყველაფერზე მეტყველებს და ეს ყველაფერი არის ევროპული ბიუროკრატიის უსუსურობის შედეგი”.

 

წყარო 6:30 წთ-დან.

“ფაქტმონიტორის” გადამოწმებით ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ევროკავშირის ეკონომიკური წილის შემცირების შესახებ, აშშ-ის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში წარმოდგენილ მონაცემებს ემთხვევა.

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, მასში ევროპა არა მხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო სისუსტეების, არამედ გაცილებით ღრმა, ცივილიზაციური საფრთხეების კონტექსტში არის შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონტინენტურმა ევროპამ ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად დაკარგა გლობალური ეკონომიკური წონა, მისი წილი მსოფლიო მშპ-ში 1990 წელს არსებული 25 პროცენტიდან დღეს 14 პროცენტამდე არის შემცირებული. მიზეზებად სახელდება ეროვნული და ტრანსნაციონალური რეგულაციები, რომლებიც, ავტორების შეფასებით, ზღუდავს შემოქმედებითობასა და შრომისმოყვარეობას.

 

თუმცა ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ ნაწილია იმ უფრო ფართო პრობლემებისა, რაც ევროპას ემუქრება. უსაფრთხოების დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური სტრუქტურების ქმედებებზე, რომლებიც პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს ასუსტებს; მიგრაციულ პოლიტიკაზე, რომელიც კონტინენტზე დაძაბულობას აჩენს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებზე, შობადობის მკვეთრ შემცირებასა და ეროვნული იდენტობების დაკარგვაზე.

 

დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ არსებული ტენდენციები გაგრძელდება, ევროპა უახლოეს 20 წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვლება. ამ ფონზე, ეჭვქვეშ დგება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს ძლიერი ეკონომიკა და თავდაცვითი პოტენციალი, რათა სანდო მოკავშირედ დარჩეს.

 

“ამერიკელი ოფიციალური პირები მიჩვეულები არიან ევროპის პრობლემებზე ფიქრს სამხედრო ხარჯების სიმცირისა და ეკონომიკური სტაგნაციის კონტექსტში. ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს, თუმცა ევროპის რეალური პრობლემები გაცილებით ღრმაა.

 

კონტინენტურმა ევროპამ გლობალური მშპ-ის წილში მნიშვნელოვანი კლება განიცადა — 1990 წლის 25 პროცენტიდან დღეს 14 პროცენტამდე — ნაწილობრივ ეროვნული და ტრანსნაციონალური რეგულაციების გამო, რომლებიც შემოქმედებითობასა და შრომისმოყვარეობას ასუსტებს.

 

თუმცა ეს ეკონომიკური ვარდნაც კი ფერმკრთალდება უფრო მკვეთრი და რეალური საფრთხის წინაშე — ცივილიზაციური გაქრობის პერსპექტივის ფონზე. ევროპის წინაშე მდგარი უფრო ფართო პრობლემები მოიცავს ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური სტრუქტურების ქმედებებს, რომლებიც ასუსტებს პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს; მიგრაციულ პოლიტიკას, რომელიც კონტინენტს გარდაქმნის და დაძაბულობას ქმნის; სიტყვის თავისუფლების ცენზურას და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას; შობადობის მკვეთრ ვარდნას; ეროვნული იდენტობებისა და თვითდაჯერებულობის დაკარგვას.

 

თუ არსებული ტენდენციები გაგრძელდება, 20 წელზე ნაკლებ დროში კონტინენტი ამოუცნობი გახდება. ამ ვითარებაში სულაც არ არის ნათელი, შეძლებენ თუ არა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ისეთი ძლიერი ეკონომიკისა და არმიის შენარჩუნებას, რომ სანდო მოკავშირეებად დარჩნენ. ამ ქვეყნების ნაწილი დღეს კიდევ უფრო ამყარებს არსებულ კურსს. ჩვენ გვსურს, რომ ევროპა დარჩეს ევროპად, დაიბრუნოს თავისი ცივილიზაციური თვითდაჯერებულობა და უარი თქვას რეგულაციური შეზღუდვების წარუმატებელ პოლიტიკაზე” – ნათქვამია აშშ-ის მიერ გავრცელებულ 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში.

 

წყარო 25-ე გვერდიდან.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.