მამუკა მდინარაძის სახელით გავრცელებული ყალბი გამონათქვამი ფეისბუქში 6 მაისს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭისყრით „მეგობარი აქტი“ მიიღო. „ამერიკამ მიიღო „მეგობარი აქტი“, რაც ნიშნავს ჩვენს კიდევ ერთ უდიდეს გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკამ გვცნო მეგობრად“ – წერია ქარდზე, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის მამუკა მდინარაძის ფოტოც ახლავს. ქარდი სხვადასხვა ფეისბუქანგარიშმა გაავრცელა, მაგ., Maia Bachanashvili -მა. ირონიული შინაარსის მიუხედავად, სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა დაიჯერა, რომ გამონათქვამი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ეკუთვნის.
ფაქტმონიტორმა მამუკა მდინარაძის რეალური პოზიციის საჩვენებლად მოიძია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც 2023 წლის 21 მაისით არის დათარიღებული. მაშინ მამუკა მდინარაძე ეხმაურებოდა კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის წარდგენას, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა. „ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას – სანქციებით, ვაჭრობას – ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით…სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო!
სანაცვლოდ გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე. – წერდა მამუკა მდინარაძე
შესაბამისად, ახლა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტი“ -ს დამტკიცების შემდეგ, რომელიც საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად არის განკუთვნილი და ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას ითვალისწინებს, გასაგებია რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს მამუკა მდინარაძეს, იმის მიუხედავად, რომ ჯერ-ჯერობით საჯარო შეფასება არ გაუკეთებია.
