...

სოციალური ქსელით ვრცელდება მოსაზრება, რომ რუსეთმა წინასწარგანზრახულად აკრძალა მიმოზას ექსპორტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან

ვერდიქტი

25 თებერვალს საინფორმაციო სააგენტომ „აიაშარა“ გაავრცელა სიუჟეტი ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვრიდან, სადაც მიტინგზე შეკრებილი ადამიანები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმოზას ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. ისინი მიმართავენ ე.წ. აფხაზეთის და რუსეთის მთავრობებს. ამ ადამიანების მოსაზრებებზე დაყრდნობით სააგენტო აცხადებს, რომ ეს მოულოდნელი პრობლემა სპეციალურად არის შექმნილი.

 

 

წყარო

მიმოზას ექსპორტს პრობლემა რამდენიმე დღის წინ შეექმნა. ყვავილის გატანის უფლება არ მისცეს მცირე მეწარმეებს. ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ათობით მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი იცდის. „აფსნიპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საკარანტინო სამსახურმა მიმოზას პარტიაში დასავლური ყვავილის ტრიპსი აღმოაჩინა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ვალერი ბგანბას განცხადებით თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეს მავნებელი არ ფიქსირდება. „ჩვენს საკარანტინო ინსპექციას აქვს თავისი ლაბორატორია, სადაც სისტემატურად მოწმდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც აქედან გადის. მითუმეტეს, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, შემოწმდა საზღვარზე არსებული ყველა ნიმუში და ზოგადად აფხაზეთის მთელი ტერიტორია. ჩვენი მონაცემებით ტრიპსი აღმოჩენილი არ არის“ – თქვა მან.

წყარო

რუსეთის ფედერაციაში მიმოზას ძირითადი მიმწოდებელი აფხაზეთია. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ საქმით უმეტესად მცირე მეწარმეები არიან დაკავებული. ყვითელი მიმოზა, იგივე ვერცხლისფერი აკაციის ყვავილი, რუსეთის მოსახლეობისთვის საგაზაფხულო განწყობასთან და დღესასწაულთან ასოცირდება და მოთხოვნით სარგებლობს. მიმოზას სეზონი ვეგეტაციური პერიოდის დადგომით იწყება და მარტის შუა რიცხვებამდე აღწევს. წელს, თბილი ამინდების გამო მცენარე ადრე აყვავდა. რუსეთში ყვავილის პირველი პარტიების გატანა იანვრის ბოლოს დაიწყო. გამოცემა “კომერსანტის” მონაცემებით წელს, სეზონის დასაწყისიდან 20 თებერვლამდე, სოჭში საბაჟო წესით უკვე გაფორმდა 45 ტონა.

წყარო

აფხაზეთის ე.წ. მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ვებგვერდის მონაცემებით 2024 წელს აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე 258 ტონა მიმოზა შეიტანეს. 

წყარო

რაც შეეხება მავნებელს, ტრიპსი რუსეთის ფედერაციის „როსსელხოზნადზორის“ საკარანტინო მავნებლების სიაშია. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მაგ., 2023 წელს, მისი გამოვლენის 4580 შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნებიდან: ლატვია, ლიეტუვა, თურქეთი, ირანი, სომხეთი, სერბეთი და ჩინეთი. 

დასავლური ყვავილის ტრიპსი Frankliniella tritici (Fitch) ყვავილოვანი კულტურების მავნებელია, ის უსწრაფესად მრავლდება და ამასთან ბოსტნეული კულტურებისთვის საშიში დაავადებებიც გადააქვს. „როსსელხოზნადზორი“იმპორტირებულ ყვავილებში მისი აღმოჩენის შემთხვევაში საკარანტინო ზომებს მიმართავს. მწერი არის მცირე ზომის (2 მმ) და კვერცხის, ჭუპრის და ზრდასრული მწერის სახით მცენარეულ მასალასთან ერთად გადაიტანება. მცენარეული მასალის შიგნით მოთავსებული მწერის კვერცხი ყვავილის მოჭრიდან 5 დღის განმავლობაშია სიცოცხლისუნარიანი, რაც ზრდის მისი გავრცელების ალბათობას. დასავლური ყვავილის ტრიპსი 250-მდე სახეობის მცენარის მავნებლად ითვლება.

წყარო

უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის, სადაც სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ეკონომიკის წამყვანი დარგებია, დასავლური ყვავილის ტრიპსის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს და მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ამ ამოცანას ასრულებს აფხაზეთის ე.წ. მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია. ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვეგეტაციური პერიოდის დაწყებისთანავე მცენარეთა კარანტინის ინსპექცია იწყებს ვერცხლისფერი აკაციის (მიმოზა) მონიტორინგს. საკარანტინო ლაბორატორია ამოწმებს მცენარის ნიმუშებს ყველა რაიონიდან.

წყარო

შესაბამისად ადამიანებს არ სჯერათ, რომ მიმოზას მორიგ პარტიაში მავნებელი ნამდვილად აღმოჩნდა. ეჭვი გამოთქვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმაც. ტელეგრამ-არხით „D News აფხაზეთი“ გავრცელდა ვალერი ბგანბას მორიგი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ  ზამთარში ტრიპს მხოლოდ სათბურის პირობებში შეუძლია არსებობა. ბგანბამ გაიხსენა სეზონის დასაწყისი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მანდარინების ესპორტი აკრძალა და განაცხადა, რომ: „სეზონის დასაწყისში მანდარინთან დაკავშირებით იყო იგივე სიტუაცია და ისევ ტრიპს დააბრალეს, რომელსაც ზამთარში მხოლოდ სათბურის პირობებში შეუძლია სიცოცხლე. ჩვენთან მანდარინები და მიმოზა სათბურში არ იზრდება“.   

 წყარო

ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაცია „როსსელხოზნადზორის“ აკრძალვებს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს წლებია არსებობს. აფხაზეთთან მიმართებით მსგავსი ტაქტიკის გამოყენებაზე ფაქტმონიტორი ადრეც წერდა.

წყარო

შარშან, 6 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების ფონზე ციტრუსის ერთ-ერთ პარტიაში ტრიპსის აღმოჩენის გამო აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი აკრძალეს. წელს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იგივე მიზეზით აიკრძალა მიმოზას ექსპორტი. ამრიგად, სააგენტო „აიაშარა“-ს მიერ გაჟღერებული მოსაზრება, რომ „როსსელხოზნადზორის“ მიერ მიმოზას ექსპორტის აკრძალვა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენის მოხდენის მიზნით მოხდა, შეიძლება ჩაითვალოს მეტწილად სიმართლედ.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.