13 თებერვალს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის დღეს, ტელეკომპანია იმედმა მანიპულაციურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანულმა პოლიტიკურმა პარტიამ AfD “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს, ევროპარლამენტში დაარეგისტრირა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია.
“ილონ მასკის მხარდაჭერილმა გერმანულმა პარტიამ AfD, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა”.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ტექსტი 12 თებერვალს გამოქვეყნდა და შესაბამისად ცნობილი იყო, რომ რეზოლუცია შემუშავდა რამდენიმე საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუციების სამუშაო ვარიანტების შეჯერებით (Verts/ALE; PPE; S&D; Renew; ECR) და არ ყოფილა გამოყენებული ESN ჯგუფის სამუშაო ვერსია, რომელიც საწინააღმდეგო სულისკვეთების იყო.
უნდა ითქვას, რომ ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში დოკუმენტი მოხსენიებულია როგორც “რეზოლუციის პროექტი”, ქარდზე გამოტანილი “რეზოლუციის” ნაცვლად. იქვეა ქართული თარგმანი და ბმული, რომელსაც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გადავყავართ.
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ვერსიას, რომელიც “სუვერენული ერების ევროპის” ESN ჯგუფის სახელით შეიმუშავეს პოლიტიკოსებმა ორი პარტიიდან, AfD “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ბულგარული “აღორძინება”. AfD -დან დოკუმენტს ხელს აწერენ ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდერ ზელი, პეტერ ბისტრონი და ტომაშ ფროელიხი. ევროპარლამენტის ვებგვერდზე რეზოლუციის ეს ვერსია 10 თებერვალს გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნამდვილად ჩანს “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. მასში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი.
ავტორები ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მათი უარი, აღიარონ ქართული არჩევნების ლეგიტიმურობა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ავტორიტეტსა და ნდობას რეგიონში.
რაც შეეხება მილიარდერ ილონ მასკს, ცნობილია მისი კეთილგანწყობა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის AfD-ს მიმართ. ილონ მასკმა, რომელიც ამჟამად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ადგილს იკავებს, 25 იანვარს ვიდეოჩართვით მიმიმართა AfD-ს მხარდამჭერებს, რომლებიც ვადამდელი ფედერალური არჩევნების წინ შეიკრიბენ, მანამდე კი თავის X-ზე დაწერა: “გერმანიის გადარჩენა მხოლოდ AfD-ს შეუძლია”.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, “ფაქტმონიტორმა” ჩათვალა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან ადგილი აქვს მანიპულაციას, აქცენტების შეცვლას საზოგადოების ყურადღების გადასატანად.
