...

“ტვ პირველი” მიანიშნებს, რომ “რუსთავი 2 -მა” რუსული დეზინფორმაცია გაავრცელა

ვერდიქტი
მანიპულაცია

26 თებერვალს ტელეკომპანია “ტვ პირველმა” საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია შეცდომაში შემყვანი სათაურით: “საქართველოში საფრანგეთის ელჩი “რუსთავი 2-ის” გავრცელებულ, მედვედევის დეზინფორმაციას ეხმაურება”. სათაურმა შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს “რუსთავი 2-ით” გავრცელდა რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წამოვიდა დიმიტრი მედვედევისგან და ამ დეზინფორმაციაზე რეაგირება მოახდინა საფრანგეთის ელჩმა. მსგავსი მანიპულაცია საზოგადოების ცნობიერებაში იწვევს გარკვეულ ასოციაციებს და ხელს უწყობს ისეთი კლიშეების ჩამოყალიბებას, სადაც ტელეკომპანია “რუსთავი 2” რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასთან იქნება დაკავშირებული.

წყარო

 

აღსანიშნავია, რომ თავად სტატიაში სათაურის შესაბამისი არაფერი წერია. სტატიაში მოყვანილია მხოლოდ საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს პოსტის ფოტოანაბეჭდი. ელჩმა 26 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პასუხი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე და საილუსტრაციოდ “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო ქარდი გამოიყენა, დიმიტრი მედვედევის ციტატით: “რუსეთი საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ.”  

 

 

წყარო

 

საფრანგეთის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას უკრაინისთვის ბირთვული იარაღის ვითომდა გადაცემის შესახებ. ომის მეხუთე წლით დასუსტებულმა, რომელიც მხოლოდსამ დღესუნდა გაგრძელებულიყო, რუსეთმა გადაწყვიტა ტყუილის გავრცელება ქაოსის დასათესად, მისი დიდი ხნის ტრადიციის შესაბამისად. ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან.

 

წყარო

 

აღსანიშნავია, რომ მედვედევის მიერ გავრცელებული განცხადება გააშუქა, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა”, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, “ტაბულამ” “კომერსანტმა” bm.ge-მ და სხვა – პრაქტიკულად ყველა მსხვილმა ქართულმა მედიასაშუალებამ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რაც ინფორმაციის გავრცელების სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს და არ გულისხმობს აღნიშნული შინაარსის დადასტურებას ან და რედაქციულ მხარდაჭერას.

 

 


ამრიგად, დიპლომატიური განცხადების შინაარსი შეეხებოდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციას და არ შეიცავდა შეფასებას რომელიმე ქართული მედიასაშუალების მიმართ. შესაბამისად, მისი იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს საფრანგეთის საელჩომ კონკრეტული მედია რუსული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, არ შეესაბამება განცხადების რეალურ კონტექსტს.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

 

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.