...

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულების მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 110.8 მლნ ლარით აღემატება

ვერდიქტი
სიმართლე

23 მარტს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით „2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულების მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 110.8 მლნ ლარით აღემატება“. იქვე ვკითხულობთ, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ იმპორტის 2024 წლის სრულ ანგარიშს შეგვიძლია გავეცნოთ.

წყარო

ფაქტმონიტორმა გადაამოწმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები. სამინისტრო ზედამხედველობს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში შექმნილმა დამატებითმა ღირებულებამ, ანუ ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეულმა საქონლის ან მომსახურების ღირებულების ზრდამ, შეადგინა 4,976.6 მლნ ლარი, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე (4,865.7 მლნ) 110.9 მლნ ლარით მეტია. შესაბამისად, გამოქვეყნებული მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.
წყარო

თუმცა, სოფლის მეურნეობაში პროგრესის შეფასება მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილის, და მისი რეალური ზრდის ტემპით უნდა შეფასდეს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით 2021 წლიდან მცირდება. კლების ტენდენცია ასე გამოიყურება: 2020 წელს იყო 9,5%; 2021 წელს შემცირდა 8,3%-მდე; 2022 წელს 7,6%, 2023 წელს კი 6.9% შეადგინა. 2024 წლის მონაცემები მოგვიანებით იქნება ცნობილი.

წყარო

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის რეალური ზრდა 2024 წელს 4.4% -ია. 2023 წელს იყო 3.4%-იანი კლება, 2022 კლებამ 1.8% შეადგინა, 2021 წელს კი სოფლის მეურნეობა 2.3%-ით გაიზარდა.

წყარო

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან მშპ-ში სოფლის მეურნეობის მოკრძალებული წილის მიუხედავად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ექსპორტში. ბმულზე, რომელსაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოციალურ ქსელში ქარდთან ერთად აზიარებს, ჩანს საქართველოდან ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის ტენდენცია. 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 680 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 252.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 9.7%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.