ვერდიქტი: მცდარი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა დავით ხაჯიშვილმა საპარლამენტო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის დროს, ეკონომიკა წლიურად 4%-ით იზრდებოდა და რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, 2% იქნებოდა.
ფაქტმონიტორმა დავით ხაჯიშვილის განცხადება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებთან მიმართებაში გადაამოწმა. პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელიწადში, კერძოდ, 2013-2023 წლებში, საქართველოს ეკონომიკა 70%-ით გაიზარდა. თუ მთელ პერიოდს გავასაშუალოებთ, წლიურად თითქმის 5%-იან (4.95%-იან) ზრდას მივიღებთ.
12 თებერვალს საქსტატმა მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების 2010-2023 წლების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რაც აღნიშნულ მონაცემებს ადასტურებს.
2022 წლის იანვარში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში 5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, 2023 წელს – 5.5%-იანი.
2020 წლამდე (პანდემიის დაწყებამდე) 2013-2019 წლებში, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.2%-ს შეადგენდა, უშუალოდ 2019 წელს – 5.4%-ს. 2022 და 2023 წლებშიც რომ 5.4% ყოფილიყო ზრდა, მაშინ 2013-2023 წლების საშუალო ზრდის ტემპი 4.2% იქნებოდა, არსებულზე 1.2-ჯერ ნაკლები. ამასთან, 2013-2021 წლებში საშუალო წლიური 4%-იანი ზრდის ტემპის 2013-2023 წლებში საშუალო წლიურ 2%-მდე შესამცირებლად, როგორც 2022, ასევე 2023 წელს ეკონომიკის ზედიზედ 7.3%-ინი ვარდნა იყო საჭირო. შესაბამისად, დავით ხაჯიშვილის განცხადება ამ მიმართულებითაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავით ხაჯიშვილის განცხადება, რომელიც ორივე მიმართულებით იქნა შეფასებული, არცერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს.
