ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი, თითქოს ზელენსკების ოჯახმა შეიძინა მეღვინეობა იტალიაში, რომელიც ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა გაყიდა, 7 აგვისტოდან ვრცელდება პროკრემლისტური რესურსებით. ორკესტრირებულ შეტევაში ჩაერთნენ ქართული ანგარიშებიც სოციალური ქსელებიდან ფეისბუქი და ტელეგრამი.
პროკრემლისტურ მედიას პირველწყაროდ მოყავს გამოცემა Database Italia, რომელიც „ეყრდნობა რა“ იტალიის უძრავი ქონების საგადასახადო რეესტრის მონაცემებს, აცხადებს, რომ დაახლოებით 75 მლნ ევროიანი გარიგება შედგა 28 ივნისს, G7-ის სამიტზე ზელენსკის ვიზიტიდან 2 კვირის შემდეგ და ზელენსკების ოჯახის წარმომადგენელი არის იტალიური ფირმა San Tommaso S.R.L. გამოცემა განმარტავს, რომ ეს ფირმა ადრეც ფიგურირებდა ზელენსკების ოჯახთან დაკავშირებულ გარიგებებში, როდესაც ოლენა ზელენსკამ ტოსკანაში, ფორტე დე მარმის სანაპიროზე ვილა „შეიძინა“.
ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უკრაინის ЦПИ-მ, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა, იტალიური წყარო გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ საიტი Database Italia ჯერ კიდევ 2021 წელს შედიოდა იმ ვებრესურსების ჩამონათვალში, რომლებიც იტალიურ ენაზე ავრცელებენ დეზინფორმაციას და საიტზე გამოქვეყნებული ცნობები არაერთხელ გაუბათილებიათ იტალიელ ფაქტჩეკერებს. „ვებგვერდი ასევე ავრცელებდა უკრაინის შესახებ სხვა ფეიკებსაც, კერძოდ „ამერიკული ლაბორატორიების“ შესახებ“ – ნათქვამია ЦПИ-ს განცხადებაში.
ფაქტმონიტორი შეგახსენებთ, რომ ყალბი ამბავი ზელენსკის მიერ სტინგის მამულის შესყიდვაზე არის ნაწილი საინფორმაციო ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ის უკავშირდება რუსეთის პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად შექმნილ ნარატივს უკრაინის პრეზიდენტის და მისი გარემოცვის ომით გამდიდრებაზე. ამ ნარატივში შედის ყალბი ამბები ოლენა ზელენსკას მიერ გადახდილ 4,5 მლნ ევროზე Bugatti Turbillon-ის შესაძენად და ნიუ იორკში 1 მლნ დოლარად ნაყიდ სამკაულებზე. მათ შესახებ ფაქტმონიტორი ერთი თვის წინ წერდა.
მსგავსი ფალსიფიკაციები ხშირად ისეთი წყაროებიდან მოდის, რომლებსაც ერთი შეხედვით რუსეთთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ. ისინი უკრაინისთვის მნიშვნელოვან პერიოდებში ჩნდებიან. ამჟამინდელი ყალბი ამბავი კურსკის ოლქში უკრაინის სახმელეთო ოპერაციის პარალელურად ვრცელდება.

