„ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა.” – ნათქვამია ტექსტში, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს უძღვის წინ.
ვერდიქტი: სიმართლე
აშშ-ის ელჩს საქართველოში მიმართა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, რომ კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა განახორციელეს, რადგან საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს.
„აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტთან და ბანერთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8 პროცენტის გამო?“.
ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართა, კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს საელჩოს თანამშრომლებმა, რადგან, მისივე განმარტებით საქმე ეხება არა 1,8 არამედ 2,5 პროცენტს.
„1,8 პროცენტი არის 35 ათასზე მეტი ხმა. არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, 1,8 პროცენტი, რა მოხდა, 1,8 პროცენტი არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით – ცდომილება იყო არა 1,8, არამედ, თუ არ ვცდები, იყო 2,5. შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით, „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1,8, არამედ 2,5. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა, ვთხოვო ელჩს, კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს თავისი საელჩოს თანამშრომლებმა, როცა საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს. 2,5 პროცენტი არის 50 ათასი ხმა. „ისფედი“ ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა, ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი, არა 1,8, არამედ 2,5 და მეორე – არა 2,5 როგორც ასეთი, არამედ „ისფედი“ ჩვენ გვაბრალებდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ 50 ათასი ხმის გაყალბების საბაბით, რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა „ენჯეოების“ და ორი ელჩის მხრიდან, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2020 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED), რომელიც აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე ყველა სახის არჩევნებს.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.” წერია სტატიაში.
„სამართლიანი არჩევნები“ საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.” წერია სტატიაში.
სამართლიანი არჩევნების მიერ აღიარებული იქნა ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული პროცენტული ცდომილება, რომელმაც შეადგინა 1.8%. საბოლოო რაც შეეხება დაზუსტებულ შედეგებს, აღნიშნული ცდომილების ხარისხი შეადგენდა 0.7%-ს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ორი მონაცემი დააჯამა და ისე მიუთითა აშშ-ს საელჩოს, რომელიც განმარტავდა, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ დაფიქსირებული იყო არა 2.5%, არამედ 1.8%.
მიუხედავად, ზემოაღნიშნული ორი პროცენტული მაჩვენებლისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი არ იცვლება. ISFED-ს მიერ აღიარებული იქნა პარტია „ქართული ოცნების” გამარჯვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო შედეგი, მიუხედავად ზემოაღნიშნული პროცენტული ცდომილებებისა, არსებითად არ ცვლის საბოლოო შედეგებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ ირაკლი კობახიძის მიერ მითითებული 2.5% არის მართებული, ვიდრე აშშ-ს საელჩოს მიერ სტატიაში დაფიქსირებული 1.8%, აღნიშნული არსებითად არ ცვლის მთლიან სურათს, სტატიის შინაარსს მასზედ, რომ სახელისუფლებო პარტიის მიერ ვრცელდება მანიპულაციური ტიპის განცხადებები ISFED-თან მიმართებაში, თითქოს „სამართლიან არჩევნებს” განზრახვა ჰქონდათ 2020 წელს მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.
