...

ბაჩო ოდიშარიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მისამართით მეტი კრიტიკა ისმის ვიდრე სირიის ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ

ვერდიქტი
მცდარი

საკუთარი მოსაზრება ბაჩო ოდიშარიამ 9 მარტს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მან ფეისბუქ პოსტში ერთმანეთს შეადარა საქართველოს და სირიის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებების რაოდენობა. მისი განცხადებით: “…დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით“. 

წყარო

ფაქტმონიტორი მიიჩნევს, რომ ბაჩო ოდიშარია, რომელიც არის ტელევიზია POS TV-ის ანალიტიკური გადაცემის “სამნი & Co” თანაწამყვანი და ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, მცდარ პარალელს ავლებს სირიასა და საქართველოში არსებულ ვითარებებს შორის. ის მიმართავს მანიპულაციას და ცდილობს სირიაში შექმნილი მდგომარეობა გამოიყენოს საქართველოში დასავლეთიდან მომავალი კრიტიკული შეფასებების სიმძიმის საჩვენებლად. უნდა ითქვას, რომ მისი პოსტი ფართო განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებმაც გააზიარეს, მათ შორის იმედი ნიუსმა. 

წყარო

მოვლენები, რომლებზეც ბაჩო ოდიშარია საუბრობს, სირიის არაბთა რესპუბლიკაში 6-9 მარტს განვითარდა. შეტაკებები დაიწყო ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონის, ლათაკიის ქალაქებში და სოფლებში, სადაც ცხოვრობენ ალავიტები, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერი რელიგიური უმცირესობა. SOHR-ის, ლონდონში ბაზირებული ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია“ მიხედვით, 6 მარტს რეგიონში უკვე გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი და ორივე მხარე სიკვდილით სჯიდა ტყვედ ჩავარდნილებს.  

წყარო

სამოქალაქო მსხვერპლზე ინფორმაცია გაავრცელა  როიტერსმა. ქალაქ ტარტუსში ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახალხო გამოსვლების დროს სამთავრობო ძალებმა პროტესტს ცეცხლი გაუხსნეს.

წყარო

7 მარტს, დამასკოს დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლათაკიის რეგიონში გამოსვლები წინასწარ იყო დაგეგმილი. აჯანყებულები იჭრებოდნენ ადმინისტრაციულ შენობებში და ჩასაფრება მოუწყვეს ქალაქ ლათაკიასა და ტარტუსისკენ მიმავალ სამთავრობო კოლონებს.   

წყარო

8 მარტს SOHR-მა გაავრცელა განცხადება, რომ სირიის უშიშროების ძალების და მათი მოკავშირეების მიერ უკვე 568 სამოქალაქო პირი იყო მოკლული სირიის ზღვისპირა რეგიონებში და ლატაკიის მთებში. ისინი ყველა ეკუთვნოდნენ ალავიტურ უმცირესობას.

წყარო

ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით ალავიტებმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს. 8 მარტს ათობით ადამიანი იყო შეკრებილი რუსულ ავიაბაზასთან ხმეიმიმი. ისინი ითხოვდნენ მოსკოვის მფარველობას, რადგან რუსეთი არის მათი ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოკავშირე და თავშესაფარს აძლევს ჩამოგდებულ დიქტატორს.    

წყარო

9 მარტს (SOHR)-მა გამოაქვეყნა შემაჯამებელი მონაცემები მსხვერპლის შესახებ. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლებს თავს დაესხნენ ყოფილ რეჟიმთან დაკავშირებული ალავიტი მებრძოლები, სამთავრობო ძალებმა განახორციელეს 40-მდე მასიური მკვლელობა. შედეგად დაღუპულია 973 მშვიდობიანი მცხოვრები. თავდაცვის და უსაფრთხოების სამინისტროების ძალები ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ რელიგიური და სექტანტური მიკუთვნების გამო. მათ ცივსისხლიანად მოკლეს ასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრები.  

წყარო

11 მარტს გაერომ დაადასტურა 111 ადამიანის სიკვდილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თამინ ალხიტანის განცხადებით შესაძლებელია მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. მკვლელობების უმრავლესობა რელიგიურ ნიადაგზე არის ჩადენილი. ამ ყველაფერზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან.  

წყარო

 რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობას. 13 მარტს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მათ შეიფარეს 8 ათასზე მეტი ადამიანი ავიაბაზაზე ხმეიმიმი. “ჩვენმა სამხედროებმა შეიფარეს 8 ათასზე მეტი, შეიძლება 9 ათასი ადამიანი. უმეტესად ქალებზე და ბავშვებზეა საუბარი. მე მგონი ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე თუ რეალურად რა წვლილი შევიტანეთ ჩვენ სირიელების ბედის გადაწყვეტაში”.

წყარო

დემოკრატიულმა ქვეყნებმა მკაცრად დაგმეს ასადის მომხრე ელემენტების ქმედებები და დროებითი ხელისუფლების მიერ სამოქალაქო პირებზე ძალადობა.

8 მარტს ოფიციალური პოზიცია გამოხატა ევროკავშირმა. მათ დაგმეს თავდასხმები დროებითი მთავრობის ძალებზე სირიის სანაპირო რაიონებში, სავარაუდოდ პროასადური ელემენტების მხრიდან და მშვიდობიანი მცხოვრებლებზე მიმართული ნებისმიერი ძალადობა.

წყარო

9 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ შეერთებული შტატები გმობს რადიკალ ისლამისტ ტერორისტებს, უცხოელი ჯიჰადისტების ჩათვლით, ვინც ბოლო დღეებში ხოცავს ადამიანებს დასავლეთ სირიაში. ასევე შეერთებული შტატები მხარს უჭერს სირიის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, ქრისტიანების, დრუზების, ალავიტების და ქურთული თემების ჩათვლით.

წყარო

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩანს რომ ბაჩო ოდიშარია მცდარი პარალელს ავლებს, სირიასა და საქართველოში არსებულ ვითარებებს შორის და საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად მანიპულაციურად იყენებს კრიტიკული გამონათქვამების რაოდენობების შედარებას.

* ალავიტები არის არაბთა ეთნოკონფესიური ჯგუფი, მათი უმეტესობა ხმელთაშუა ზღვის სირიის სანაპიროზე ცხოვრობს. ალავიტები აღიარებენ თავისებურ რელიგიას, რომელიც წარმოიშვა შიიტური ისლამიდან და შეიცავს ქრისტიანობის, ზოროასტრიზმის და გნოსტიციზმის ელემენტებს. სირიაში, სადაც მოსახლეობის 75% სუნიტი მუსლიმია, დაახლოებით 2,5 მლნ (10%) ალავიტი ცხოვრობს. ალავიტებიდან არიან პრეზიდენტები ბაშარ ალ ასადი და მამამისი ჰაფეზ ასადი. მათი მმართველობის 43 წლის მანძილზე მანძილზე ეს ჯგუფი სარგებლობდა ნდობით და პრივილეგიებით.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.