ონლაინ გამოცემა კომერსანტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ. ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო”.
24 აპრილს ბიზნეს ონლაინ მედია გამოცემამ “კომერსანტი”, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოიტანა ქარდი “საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ. ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო”. ტექსტთან უნისონშია რუკაზე დამაგრებული ქინძისთავის გამოსახულება, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქართველო კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახდება დანიშნულების ადგილი. გამოცემის ვებგვერდზე გადასვლისას ჩანს, რომ საქმე გვაქვს ქლიქბეითური სათაურის გამოყენებასთან. „კომერსანტის“ ინფორმაციით ინფორმაცია სატყუარას სახით არის წარმოდგენილი, რათა სოციალური ქსელის მომხმარებლებს სათაურზე დაწკაპუნება აიძულოს.
ონლაინ გამოცემა „კომერსანტის“ მსგავსად სოციალურ ქსელში დაწყებული განხილვები საკუთარი მიზნების მიღწევად გამოიყენეს სხვა მომხმარებლებმაც, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესის ცვლილების შესახებ. გაუგებრობა მთავრობის დადგენილების არასწორი განმარტებით იყო გამოწვეული.
24 აპრილს, საკითხში სიცხადის შესატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ფეისბუქგვერდით გაავრცელა განცხადება, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ “საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას”.
2025 წლის 17 აპრილს ცვლილებები შევიდა 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“.
ცვლილებები ეხება 17 ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ქვეყნებია ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, ერითრეა, იემენი, კამერუნი, კოტ დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, სირია, სუდანი, ტანზანია და უგანდა. 16 მაისიდან ამ ქვეყნების მოქალაქე საქართველოში ვერ შემოვა, თუ საზღვრის კვეთის დღეს მას ექნება „გალფის ქვეყნების“ ერთ წელზე ნაკლები ვადის მქონე ვიზა ან ცხოვრების უფლება.
ეს შეზღუდვები არ გავრცელდება მოქალაქეზე, რომელსაც ექნება დადგენილებაში ჩამოთვლილი 40-ზე მეტი სხვა ქვეყნის ( არა „გალფის ქვეყნების“) ვიზა ან ცხოვრების უფლება. ამ შემთხვევაში მათ საქართველოში დარჩენა შეეძლებათ წელიწადში ორჯერ, 90-90 კალენდარული დღით.
** გალფის ქვეყნებია სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნები (Cooperation Council for the Arab States of the Gulf GCC): არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.
წყარო
