...

ნინო წილოსანი საჯარო პირებზე მიმართული დეზინფორმაციის სოციალური ეფექტების შესახებ

ვერდიქტი
სიმართლე

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ხშირად უბრუნდება სოციალურ ქსელებში არსებული ყალბი გვერდების თემას და იმ სოციალურ ეფექტებს, რაც კონკრეტულ საჯარო პირებზე მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას მოსდევს. მაგ., 2025 წლის დეკემბერში ნინო წილოსანმა თავის პოსტში გამოიტანა ფეისბუქანგარიშის “ხაშურის მუნიციპალიტეტი”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საკუთარ აუდიტორიას ინფორმაციის წყაროს გადამოწმების და მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა.


წყარო

 

როგორც წესი მსგავსი ანგარიშები პაროდიის ობიექტებად საჯარო პირებს ირჩევენ, რასაც ეს უკანასკნელნი აღიქვამენ ბულინგად და მათი რეპუტაციის დაზიანების მცდელობად. ამავე დროს ილუზორული სინამდვილე, რომელიც ციტატების გაყალბებით ან სხვა ხერხების გამოყენებით იქმნება, არც თუ იშვიათად რეალობა ჰგონიათ ადამიანებს, რომლებიც ასეთ გვერდებს შემთხვევით გადაეყრებიან ხოლმე სოციალურ ქსელში. ინფორმაცია მეტ დამაჯერებლობას იძენს თუ გამავრცელებელი რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის გვერდთან არის მიმსგავსებული.

როგორც ნინო წილოსანი ამბობს, გვერდები, რომლებიც სახელწოდებით, ლოგოთი და ვიზუალური სტილით რეალურ, ოფიციალურ გვერდებს ემსგავსებიან, ამით გარკვეულ ლეგიტიმაციას იღებენ და შედეგად მარტივად იზიდავენ ათასობით გამომწერს.


“დეზინფორმაცია და Fake news ყოველთვის იყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, თუმცა სოციალურ ქსელებზე ხალხის დამოკიდებულებამ და სოციალური ქსელების გამოყენებამ განაპირობა ის, რომ დეზინფორმაციული გვერდები მომრავლდა, განსაკუთრებით ისეთი გვერდები, რომლებიც თავის დასახელებით და ვიზუალით მიმსგავსებულია რეალურ, ოფიციალურ გვერდებს და ამის ხარჯზე ისინი იღებენ გარკვეულ ლეგიტიმაციას, მარტივად აგროვებენ გამომწერებს და შესაბამისად, მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება სხვადასხვა ადამიანების და ჯგუფების მიერ,”- აცხადებს წილოსანი.

 


პარლამენტის ვიცე-სპიკერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ზიანზე, რომელსაც მსგავსი კამპანიები პოლიტიკოსების რეპუტაციასა და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე აყენებს. “მაშინ, როცა Fake გვერდები დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიტიკოსებზე ან საჯარო პირებზე, რა თქმა უნდა, ამ ქმედების პირდაპირი მიზანია მათთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და მათ წინააღმდეგ ბულინგის კამპანიის წარმოება. ამ ნაწილში ჩემს წინააღმდეგ გავრცელებული არაერთი მსგავსი პოსტი, ბანერი, პოსტერი და Fake ინფორმაცია მახსენდება. ყველა ასეთ გასაჯაროებულ Fake new-ს მოჰყვებოდა ხოლმე განსაკუთრებულად აგრესიული შეტევები პირად მიმოწერაში, ამასთანავე სოციალურ ქსელებში აგორებული ბულინგის კამპანიაც, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსისთვის პირდაპირ ჩემს საქმიანობაში ხელის შეშლაა, ვინაიდან მიზნად ისახავს ჩემს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე ზეგავლენის მოხდენას“, – ამბობს ნიო წილოსანი.

 

 

მისივე თქმით, სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია, თუმცა Fake გვერდების უკან მდგომი პირების იდენტიფიცირება ხშირად რთულია. მიუხედავად ამისა, ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ როდესაც დეზინფორმაციის გამავრცელებლის იდენტიფიცირება ხერხდება, ის სამართლებრივ გზებს მიმართავს.

 

 

„ასეთი შემთხვევა იყო ერთ-ერთი აქტივისტის, ლევან ღამბაშიძის საქმე, რომელიც ჩემი ოჯახის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, რითაც თავის მხრივ მიზნად ისახავდა ჩემს დისკრედიტაციას. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში დავა მოვუგე და მას სასამართლოს გადაწყვეტილებით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და ზიანის ანაზღაურება დაეკისრა“, – აცხადებს ის.

 

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ შეიძლება იდგეს მსგავსი გვერდების უკან, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ასეთი დეზინფორმაცია ყოველთვის პოლიტიკურ შინაარსს ატარებს და კონკრეტული ინტერესების მქონე ჯგუფების საქმიანობის შედეგია. მისი შეფასებით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი კამპანიების კვალი რადიკალურ ოპოზიციამდე მიდის. დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დეზინფორმაციის გავრცელებას დემოკრატიული პროცესებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. მისი თქმით, ცრუ ნარატივები ხელს უშლის მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას.

 

“მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რადგან იგი ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ყველა მსგავსი ცრუ ნარატივის გამავრცელებლის მიზანია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა, რითაც ისინი ცდილობენ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რაც თავის მხრივ დამაზიანებელია დემოკრატიისთვის”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

 

 

 

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.