მიმდინარე წლის 08 ივნისს ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე, განმეორებით ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხებით დაიცვა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონის ტიტული და საჩემპიონო ქამარი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. აღნიშნულ ბრძოლას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპთან მისალმების მიზნით ოქტაგონი დატოვა და პრეზიდენტსაც გაესაუბრა. ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო ქართულენოვან “ფეისბუქში” ყალბი სუბტიტრებით გავრცელდა – თითქოს მერაბ დვალიშვილი აშშ-ს პრეზიდენტს სთხოვს დაეხმაროს საქართველოს და გარუსებისგან გადაარჩინოს, დონალდ ტრამპი კი ჰპირდება რომ დაეხმარება.
ფაქტმონიტორმა დაკვირვებით შეისწავლა აღნიშნული საკითხი, რა დროსაც დადგინდა, რომ მსგავსი შინაარსის დიალოგი არცერთი ოფიციალური წყაროს მეშვეობით არ დასტურდება. ჩვენ ვცადეთ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირება კომენტარის გაკეთების მიზნით, თუმცა უშედეგოდ.
ამასთან, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში კუთვნილ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა მილოცვა, რომელიც ეძღვნებოდა მერაბ დვალიშვილს, თუმცა არავითარი კომენტარი და/ან განმარტება არ ყოფილა დონალდ ტრამპსა და მერაბ დვალიშვილს შორის გამართული მცირე დიალოგის შინაარსზე.
არ გავრცელებულა არც ოფიციალური სუბტიტრები. ორიგინალ ვიდეოში მხოლოდ ის ისმის, რომ მერაბ დვალიშვილი მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტს და მისდამი პატივისცემას გამოხატავს, ეს უკანასკნელი კი ულოცავს გამარჯვებას. სხვა შინაარსი, განსაკუთრებით ზემოაღნიშნული ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული ყალბი სუბტიტრების შესაბამისი რაიმე ტიპის დიალოგი არ იკვეთება. შესაბამისად, ფეისბუქის სხვადასხვა მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო არსებული სუბტიტრებით წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას, რომელიც არ დასტურდება არცერთი ოფიციალური წყაროს მეშვეობით.
წყარო (ოფიციალური ვიდეო)
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე
