7 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია განათლების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს გაუქმების შესახებ. სიახლე საზოგადოებას შეატყობინა ინკლუზიური და ადრეული განათლების სპეციალისტმა ცირა ბარქაიამ, რომელმაც ფეისბუქში დაწერა: „გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო… ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება“.
დაწყებულ მსჯელობებს სწრაფად გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ფუნქციური თვალსაზრისით მოცემულობა არ შეცვლილა.
ფაქტმონიტორმა შეისწავლა საკითხი. თავდაპირველად ავღნიშნავთ, რომ ინკლუზიური განათლება ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში და ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით მათ სწავლებას.
ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით 2006 წლიდან დაიწყო და მოცემულ ეტაპზე ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საჯარო სკოლებში წარმოდგენილია 11461 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. 2013 წელს დაფინანსების ოდენობა შეადგენდა თვეში 350 ლარს ყოველ ხუთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე, 2023 წელს კი აღნიშნული დაფინანსება ყოველ ხუთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე თვეში 700 ლარს შეადგენს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N476, 14.09.2015).
სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა და სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
რაც შეეხება ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებას – სამინისტროს განმარტებით სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო, რაც ნიშნავს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის მინიჭებას აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოსთვის.
რეალურად, მართვა გადავიდა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში, რომელსაც ინკლუზიური განათლების კომპონენტი შარშან, 2024 წელს დაემატა.
ფაქტმონიტორმა გადაამოწმა საკითხი სამინისტროში. უშუალოდ სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა ფაქტმონიტორს (სატელეფონო საუბრისას), რომ დასახელებული მიმართულებით დღემდე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და რომ ამ ეტაპზე ინკლუზიური განათლების საქმიანობა არათუ აქტიურია, არამედ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთ არსებით ნაწილს წარმოადგენს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე სფეროს სპეციალისტების პოზიციას, ისინი თვლიან, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდაჭერის ცენტრში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს გადატანა გავლენას მოახდენს სამინისტროს თანამიმდევრულ პოლიტიკაზე. არსებობს რისკი, რომ შემცირდება კოორდინაცია და დაიკარგება პარტნიორული კავშირები.
იგივე ცირა ბარქაიამ გადაცემაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მრგვალი მაგიდა“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე სამმართველოს გაუქმება მომსახურებების გაჩერებას არ ნიშნავს. „ეს დაახლოებით იგივეა რომ ვთქვათ, მოვაჭრათ რაღაცას თავი და ახლა ხელებმა და ფეხებმა უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება საუკეთესოდ. გააგრძელონ მომსახურების გაწევა, გააგრძელონ ხარისხის გაუმჯობესება გააგრძელონ მონიტორინგი და ა.შ“.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური განვითარების სამმართველო, როგორც სპეციალიზებული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეული აღარ იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ის ფუნქციონირებას გააგრძელებს მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდაჭერის ცენტრში. იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია გაუქმების შესახებ გავრცელებული იყო მანიპულაციურად, აქვს საფუძველი სფეროს იმ ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილებას აფასებენ, როგორც სერიოზულ სისტემურ გამოწვევას.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ ვებგვერდზე: ბმული