2 ივნისს ტვ “იმედის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც შვედეთის მთავრობის თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იყო წარმოდგენილი:
1 ივნისი – შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე: FARA რეპრესიული კანონია, რომელიც დამოუკიდებელ ხმას ახშობს.
2 ივნისი – შვედეთის მთავრობა საკუთარ ქვეყანაზე: ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.
სოციალური ქსელის მომხმარებელს ქარდი აჩვენებდა, თითქოს შვედეთის მთავრობას საქართველოში და საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიის მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვს. სინამდვილეში შვედეთში მუშაობენ ახალი საკანონდებლო ჩარჩოს შექმნაზე, რომელიც აკრძალავს ან ხელს შეუშლის რელიგიური თემებისა და იმ სხვა აქტივობების დაფინანსებას, რომლებიც უკავშირდება ისლამიზმს, ექსტრემიზმს ან სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებს.
ამავე დროს, შვედეთის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, კანონი, რომელიც შეიქმნება, არ შეზღუდავს ინდივიდების რელიგიურ თავისუფლებას.
საკანანმდებლო ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია შვედეთის საზოგადოების მზარდმა უკმაყოფილებამ იმ იმიგრანტების მიმართ, რომლებიც სხვებს თავს ახვევენ საკუთარ რელიგიას. არის მწვავე დაპირისპირებებიც. მაგ., წელს, 31 იანვარს, მოკლეს ანტიისლამური მოძრაობის აქტივისტი სალვან მომიკა (Salwan Momika). ის სასამართლო განხილვების მოლოდინში იყო ყურანის დაწვის აქციებისთვის. აქციების სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2023 წლის განმავლობაში, ირანის უმაღლესმა ხელისუფალმა ალი ხამენეიმ დაგმო და შვედეთი ისლამურ სამყაროსთნ ომის წამოწყებაში დაადანაშაულა.
მუსულმანური რელიგიური ერთობები შვედეთში ძირითადად უცხოური დაფინანსებით არსებობენ. სხვა ქვეყნებიდან ფინანსდება საკულტო ნაგებობების მშენებლობაც, რომელთა მომრავლებაც ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. 2025 აპრილში, შვედურ პრესაში გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ბოლო 25 წლის განმავლობაში რამდენიმე ერთეულიდან 300-მდე გაიზარდა ტაძრის ირგვლივ ჩამოყალიბებული მუსულმანური ერთობების რაოდენობა. 2000 წელს შვედეთში იყო მხოლოდ 7 მეჩეთი, 2025 წელს მათი რაოდენობა 4200%-ით არის გაზრდილი. იგივე სტოკჰოლმში, სადაც ოცი წელია მოქმედის დიდი მეჩეთი მასჯიდ აიშა, შენდება ახალიც, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს მეჩეთად არის ჩაფიქრებული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონი, რომლის მიღებასაც შვედეთის მთავრობა აპირებს, მოიცავს ტოტალიტარული იდეოლოგიების გამავრცელებელ დაწესებულებებს, ასოციაციებს, მეჩეთებს და საგანმანათლებლო ცენტრებს და მოძალადე ექსტრემისტული და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ არის მიმართული.
რაც შეეხება ე.წ. ქართულ FARA-ს, იგულისხმება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ის შეიძლება შეეხოს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. მაგ., 20 მაისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ „ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს… ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად აწარმოებდეს იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“.
ე.წ. ქართული FARA-ს ამოქმედებას, რომელიც ძალაში შევიდა 31 მაისს, ევროპელი ლიდერების მხრიდან მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა. არაერთ განცხადებაში აღინიშნა, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიუთითებს დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. კრიტიკოსებს შორის იყო შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლის განცხადება ტვ “იმედმა” მანიპულაციისთვის გამოიყენა.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.
