როგორც ცნობილია ისრაელის სამხედრო ოპერაცია კონცენტრირებულია ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ამ ეტაპზე ოპერაციის მიზანი არის ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება. ისრაელის მედიის ცნობით მძევლების გათავისუფლების ოპერაციამაც კი უკანა პლანზე გადაიწია. მაგ., ყოველდღიური გაზეთი Haaretz წერს, რომ: “IDF-მ (ისრაელის არმიამ) ირანი გამოაცხადა ბრძოლის პირველ არენად, ღაზას ფრონტი მეორე ადგილზე ჩამოაქვეითდა”.
👉 წყარო
ისრაელის განცხადებით ოპერაციის დაწყების მიზეზი გახდა ირანის ბირთვული პროგრამის წარმატება – ისინი ძალიან ახლოს მივიდნენ ურანის გამდიდრებასთან. 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის ძალებმა დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში. პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით ეს იყო შეტევა ირანის „ბირთვული პროგრამის გულზე“. შემდეგ დააზიანეს 4 შენობა ისპაჰანში, სადაც გამდიდრებული ურანის მარაგი იყო შენახული. 16 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით დაიბომბა ურანის გამამდიდრებელი ქარხანა ქალაქ ფორდოში.
👉 წყარო
რამდენიმე ხნის შემდეგ რაფაელ გროსმა დაადასტურა, რომ ქალაქ ნათანზში ობიექტის გარეთ რადიაციის დონე არ იცვლება და ნორმის ფარგლებში რჩება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს გარე რადიოლოგიური ზემოქმედება მოსახლეობაზე ან გარემოზე ისრაელის დარტყმების შემდეგ.
ამჟამინდელ უსაფრთხოებაზე საუბრობს გარემოს დამცველი ნონო ჩხობაძეც. მან გაზეთ „რეზონანს” უთხრა, რომ “ჯერჯერობით რადიაცია მომატებული არაა საქართველოში და არაფერი გვემუქრება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არაა ცნობილი ადგილზე რა ხდება, პრევენციული ზომებია მისაღები… ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა მოხდა, უკვე რამდენად იყო გამდიდრებული ურანი და შესაბამისად, ვერ ვაკეთებთ მოდელირებას. ჩვენ ნამდვილად კარგი მონიტორინგის სისტემა გაგვაჩნია და ფონი თუ მოიმატა, დაფიქსირებას შეძლებს“.
👉 წყარო
სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ “ნაკრესის” გამგეობის წევრმა კახა არცივაძემ (Kakha Artsivadze): „მეგობრებო, ზედმეტად ნუ ინერვიულებთ რადიაციის თაობაზე. ამ ეტაპზე ირანში იბომბება მხოლოდ ურანის გამდიდრების ობიექტები. ასეთი მასალები საშიში ნაკლებადაა, რადგან დაბალი რადიოაქტიურობით ხასიათდებიან. ფონი ზოგიერთი გამამდიდებელ კომბინატში (უშუალოდ შენობებში და მიწისქვეშა ობიექტებში) ირანელების თქმით მომატებულია, მაგრამ უმნიშვნელოდ. სხვათაშორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ ადასტურებს ამას. დიდი საფრთხის მატარებელია რეაქტორები.
აი მათზე თავდასხმა და დაზიანება ძალიან საშიში იქნება, რადგან იქ არსებული და დასხივებული ურანი ძალიან რადიოაქტიური ხდება. ასეთი რეაქტორი ირანში ერთია – ბუშერებში და მასზე თავდასხმა არ მომხდარა. ისრაელი ამტკიცებს, რომ არ მივეკარებითო“.
👉 წყარო
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი მოქმედი აეს-ი ირანში და მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში. ის განლაგებულია ქალაქ ბუშერთან. სადგურის მშენებლობა დაიწყო 1975 წელს და ხანგძლივი კონსერვაციის შემდეგ რუსეთის დახმარებით გაგრძელდა. აეს-ი 2013 წლიდან არის ჩართული ირანის ენერგოსისტემაში. სადგურს აქვს ერთი ენერგობლოკი რუსული რექტორით ВВЭР-1000. დაგეგმილი იყო მე-2 და მე-3 ენერგობლოკების მშენებლობა, რუსული წარმოების იგივე რეაქტორებით, მაგრამ პროექტი 2020 წელს შეჩერდა ტექნიკური მიზეზების გამო.
მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2025 წლის იანვარში მიიღეს, რუსეთსა და ირანს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ვლადიმერ პუტინმა “როსატომის” ძალებით აეს ბუშერის ორი ახალი ბლოკის აშენებას “ფლაგმანური ერთობლივი პროექტი” უწოდა.
9 ივნისს, ირანის მედია ავრცელებდა ბუშერის აეს-ის ახალი ბლოკების მშენებლობის განახლებისთვის მიძღვნილ სიუჟეტებს.
👉 წყარო
ბუნებრივია, ყველაფერი, რაც ხდება ბუშერის პროვინციაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. მაგ., 2 დღის წინ ფართოდ გაშუქდა ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, გაზის საბადოსთან ახლოს.
👉 წყარო
14 ივნისს ირანის საინფორმაციო სააგენტომ YJC, გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ბუშერში კვამლის სვეტს ხედავენ. სააგენტოს განცხადებით ისინი დაეყრდნენ ფოტოებს სოციალური ქსელიდან. “ფოტოებზე ჩანს როგორ გასცქერიან ადამიანები, სავარაუდოდ მშენებლები, კვამლის სვეტს. ეს ფოტო იყო წარწერით “ბუშერი, რამდენიმე წუთის წინ” – გამოაქვეყნდა YJC – ის ვებგვერდზე.
👉 წყარო
ფოტო აღებულია საინფორმაციო სააგენტო Caliber.Az ვებ-გვერდიდან, სადაც დევს თვითმხილველების გადაღებული ვიდეოც.
👉 წყარო
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ისრაელი მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის ურანის გამდიდრების ობიექტებს ანადგურებს და დარტყმები არ შეეხება ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ამ მოცემულობაში საქართველოს რადიაციული დაბინძურება არ ემუქრება.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე
👉 წყარო


