25 ივნისს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოიტანა „იაჰუ ნიუსის“ შეტყობინება, სადაც გერმანიის უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო dpa -ზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ გერმანიაში ფედერალურმა პოლიციამ დაიწყო ოპერაცია იმ ავტორების გამოსავლენად, რომლებიც ონლაინ სივრცეში სიძულვილის გაღვივებაში არიან ეჭვმიტანილნი.
ნინო წილოსანმა დაწერა: “გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში. როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება. იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში”…
ნინო წილოსანი საუბრობს მასშტაბურ პოლიციურ ოპერაციაზე, რომელიც გერმანული წყაროების მიხედვით, ონლაინ განთავსებული რადიკალური მემარჯვენე ხასიათის მასალაზე და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე არის ფოკუსირებული. ოპერაცია დაიწყო 25 ივნისს და გერმანიის თექვსმეტივე ფედერალურ მიწას მოიცავს. არ იგეგმება დაკავებები, მაგრამ პოლიცია ატარებს ჩხრეკას, მუშაობს პიროვნების დასადგენად და იწყებს დაკითხვებს. ოპერაციას ხელმძღვანელობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახური (BKA). ეს უწყება სიძულვილის გამღვივებლების წინააღმდეგ მსგავს ოპერაციებს რამდენიმე წელია ატარებს, თუმცა მათივე სტატისტიკით მდგომარეობა არ უმჯობესდება. BKA -ს მონაცემებით, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, 2024 წელს დაფიქსირებულია სიძულვილის ენის შემცველი დარღვევების 10,732 შემთხვევა, რაც დაახლოებით 34%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით და 4-ჯერ მეტი 2021 წელთან შედარებით.
ევროპის კავშირში ასევე მოქმედებს კანონი ციფრული ბაზრების შესახებ Digital Markets Act, DMA, რომელიც სიძულვილის და უკანონო კონტენტის წინააღმდეგ არის მიმართული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიმართლეს წარმოადგენს ცნობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შესახებ, რომელიც ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.
