...

დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს

ვერდიქტი
სიმართლე

27 მაისს ქართულმა სოციალურმა მედიამ აიტაცა საქართველოს პრეზიდენტის პესსამსახურის ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე დონალდ ტრამპმა მიულოცა და მისალოც წერილში საუბარია საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების განმტკიცებაზე. იხ. წერილი, რომელიც ქართულ ენაზე გავრცელდა:

 

„ბატონო პრეზიდენტო,

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს”.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, განხილვები წარიმართა საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ფონზე. ადამიანების ნაწილი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, უნდობლობით მოეკიდნენ არა მხოლოდ წერილის ტექსტს, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ქართულად გავრცელდა, არამედ მილოცვის ფაქტსაც. მაგ., საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის, ეკა ეკა ბესელიას განცხადება: “არც არავინ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს – წერილის ავთენტურობა და ორიგინალი ვერსია უნდა ვნახოთ, ალბათ, საელჩო გააკეთებს განცხადებას”.

 

წყარო

 

ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში დონალდ ტრამპის სახელით გამოიგზავნა შაბლონი, რომლითაც აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყნების მორიგი თარიღების აღსანიშნავად იყენებს. ამ შინაარსის ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა: “ვიღაცას მაგრად მოხვდება იმის გამო, რომ კომპიუტერი გახსნა და კალენდარში მონიშნულ ერთ–ერთ ქვეყანას შაბლონი გაუგზავნა ისე, რომ ტვინი არ გაანძრია”…

 

წყარო

ფაქტმონიტორმა ინფორმაცია გადაამოწმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საიტზე, სადაც მხოლოდ სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს მილოცვა იძებნება და მიმართა აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურს. საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ დაადასტურა, რომ წერილი გამოგზავნილია და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.