ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში მისი ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ სომხეთთან “სავაჭრო ბრუნვა თითქმის მილიარდი დოლარია და ეს მზარდი ტენდენციით გამოირჩევა”.
ფაქტმონიტორმა გადაამოწმა მინისტრის განცხადება. 2024 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვიდან, რომელიც 23,4 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა, სომხეთთან ვაჭრობის წილი იყო 3.6% იგივე 853 711.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც რამდენადმე ჩამორჩება მინისტრის მიერ დასახელებულ 1 მილიარდ დოლარს.
რაც შეეხება ზრდის ტენდენციას: ზრდა შენარჩუნებულია, იმის მიუხედავად, რომ 2024 წლის მონაცემი ჩამორჩება წინა 2 წლის მაჩვენებლებს. 2022 წელს, როდესაც სომხეთთან სავაჭრო ბრუნვაში ისტორიულად უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა, ის შეადგენდა 1 197 769.7 მლნ.აშშ დოლარს, საქართველოს მთლიანი მაჩვენებლის 6,3% პროცენტს. 2023 წელს კი 1 028 907.5 მლნ. აშშ დოლარს, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 5,2% პროცენტს. თუმცა ვინაიდან 2022-23 წლების ზრდა გამოწვეული იყო საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ – უკრაინის ომის გავლენებით, ეს მონაცემები შესადარებლად ნაკლებად რელევანტურად უნდა ჩაითვალოს.
სომხეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია (მლნ. აშშ დოლარში) თვალნათლივ ჩანს ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე.
წყარო: საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზრდის ტენდენცია 2025 წელსაც უნდა გაგრძელდეს: 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში სომხეთის წილი არის 223 799.3 მლნ.აშშ დოლარი და დროის აღნიშნულ მონაკვეთში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის სომხეთი მე-10 ადგილს იკავებს.
2025 წლის იანვარ-აპრილში სომხეთი არის მე-5 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის, მთლიან ექსპორტში სომხეთის წილი არის 154 981.4 მლნ.აშშ დოლარი. 2025 წლის იანვარ-აპრილის წინასწარი მონაცემებით სომხეთთან ნარჩუნდება დადებითი სავაჭრო სალდო, რაც ნიშნავს, რომ სომხეთთან ექსპორტი იმპორტს აღემატება.
წყარო: საქსტატი
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ფაქტმონიტორი მიიჩნევს, რომ მინისტრმა თავისი გამონათქვამის ორივე ნაწილში ინფორმაცია გამიზნულად წარმოადგინა პოზიტიურ ჭრილში. შესაბამისად მისი განცხადება შეფასდა როგორც მეტწილად სიმართლე.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე


