ფაქტმონიტორმა ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე, რადგან მინისტრმა სიღარიბის სტატისტიკიდან მოიყვანა მხოლოდ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებ პირთა 2024 წლის მონაცემი, 11.6% (წლის სრული მონაცემები მაისში უნდა გამოქვეყნდეს). მონაცემი აჩვენებს 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობის 5.9 პროცენტით შემცირებას, 2021 წელს არსებული 17.5 პროცენტიდან 2024 წლის 11.6 პროცენტამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ზოგად სიღარიბეში არ დარჩნენ.
9 აპრილს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „თუმცა მე შორს ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ იმ იდეისგან, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. არც ილუზია არ გამაჩნია რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს. ჩვენ საკმაოდ მაღალი სიღარიბის დონე გვაქვს ჯერ კიდევ. თუმცა 300 000 ადამიანმა ბოლო 4 წლის განმავლობაში, პანდემიიდან დღემდე, დააღწია სიღარიბეს თავი. სიღარიბე არის 11.6% 2024 წლის მონაცემებით“.
ბოლო 4 წლის აბსოლუტური სიღარიბის მონაცემები მართლაც აჩვენებს საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებას, მაგრამ ვერ ჩაითვლება რეალური მდგომარეობის ზუსტ ასახვად, რადგან ფარდობითი სიღარიბის და ჯინის კოეფიციენტების მნიშვნელობები მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე არ მიუთითებს.
ფაქტმონიტორმა გადაამოწმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო 3 წლის (2021-2023) სიღარიბის სტატისტიკა, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 2024 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვევით. საქსტატის მონაცემებით წყარო სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი პროცენტებში ბოლო 3 წლის განმავლობაში განუხრელად მცირდება. 2021 წელს იყო 17.5%, 2022 წელს 15.6%, 2023 წელს კი 11.8%. აქვე დავამატებთ, რომ ლევან დავითაშვილის მიერ გაცხადებული მონაცემის მიხედვით ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა და სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობის წილი განისაზღვრა 11.6% პროცენტით.
| სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, % | 2021 | 2022 | 2023 |
|
|
|
| |
| 17.5 | 15.6 | 11.8 |
საქართველოში ფარდობითი სიღარიბის მონაცემი ზომავს მოსახლეობის იმ რაოდენობას, რომელიც მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს ხარჯავს. 2021-2023 წლებში მედიანური მოხმარების 60%-ზე ქვევით მცხოვრებ პირთა წილი ასე იცვლება: 2021 წელს იყო 18.9%, 2022 წელს იყო 19.9%, ხოლო 2023 წელს 19.8%. როგორც ვხედავთ დროის ამ მონაკვეთში ფარდობითი სიღარიბის მონაცემებში არსებითი ცვლილებები არ არის.
| მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი % | 2021 | 2022 | 2023 |
|
|
|
| |
| 18,9 | 19,9 | 19,8 |
წყარო საქსტატი
ჯინის კოეფიციენტი არის შემოსავლების კონცენტრაციის მაჩვენებელი ცვლადი. ის გვიჩვენებს შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილების ხაზიდან. თანაბარი განაწილებისას ჯინის კოეფიციენტი ნულის ტოლია, აბსოლუტური უთანაბრობისას კი – ერთის, შესაბამისად მისი შემცირება შემოსავლების განაწილების შედარებით გათანაბრებაზე მიუთითებს. საქსტატის მონაცემებით ჯინის ინდექსი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 2021 წელს იყო 0.34, 2022 წელს 0.34, ხოლო 2023 წელს 0.36. შესაბამისად, დროის აღნიშნულ მონაკვეთში ჯინის კოეფიციენტის მონაცემებში არსებითი ცვლილებები არ აღინიშნება.
| ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით | 2021 | 2022 | 2023 |
|
|
|
| |
| 0.34 | 0.34 | 0.36 |
წყარო საქსტატი
ზემოთმოყვანილი მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო 3 წლის (2021-2023) სიღარიბის სტატისტიკა მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის ფაქტობრივი მონაცემების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აჩვენებს. გაუმჯობესება მიუთითებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველი უწყებების მუშაობის შედეგად 2021 წლიდან დღემდე ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს გაჭირვებას, რაც პოზიტიური ცვლილებაა. ფაქტმონიტორმა ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე. მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილზე საუბრობდა, სიღარიბის სტატისტიკის სხვა მონაცემები კი არსებითად არ არის შეცვლილი.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.