...

ინსინუაციები ყაველაშვილის ფოტოზე დონალდ და მელანია ტრამპებთან ერთად

ვერდიქტი
მცდარი

26 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა ოფიციალური ფეისბუქგვერდით გაავრცელა საკუთარი ფოტო დონალდ და მელანია ტრამპებთან ერთად. ტექსტის მიხედვით ფოტო გადაღებული იყო საზეიმო ვახშამზე, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“  – დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბმული

ფოტოს გავრცელებას სოციალურ ქსელში მოჰყვა ინსინუაციები, რომ ის გაყალბებული იყო,  რადგან ფოტო არ იძებნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის სოციალურ ქსელებში და/ან დონალდ ტრამპს არ შეეძლო გამოეყენებინა ჟესტი „ცერა თითი ზემოთ“. ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებლმა გამოაქვეყნა იმავე ვითარებაში გადაღებული ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის ფოტო და მონიშნა „პირველი არხი“, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილის პოსტი გააზიარა. ამ მომხმარებლის აზრით ედგარს რინკევიჩის სოციალური ქსელიდან აღებული ფოტო იყო ორიგინალი, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილის გამოსახულება „ჩასვეს“.   

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მსგავსი ეჭვები გასაკვირი არ არის, „გადამოწმების“ ტენდენცია კი რასაც ადამიანები ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიმართ იჩენენ, ჩვენს საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს. ფაქტმონიტორმა მოიძია ნიუ-იორკში გაეროს სესიის შემდეგ გადაღებული ფოტოები, ვახშამზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მასპინძლობდა. თეთრი სახლის ოფიციალურად გავრცელებულ ფოტოში დონალდ ტრამპი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს გვერდით დგას და ზემოთ აწეულ ცერა თითს აჩვენებს. ფოტოს ფართო გამოხმაურება მოჰყვა ავსტრალიის მედიაში, სადაც „მხიარული ფოტო“ აშშ-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის (AUKUS) გაურკვეველი მომავალის ფონზე განიხილეს.

წყარო

წყარო

ხოლო გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურებმა იგივე ვითარებაში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში თავად გამოაქვეყნეს, მიხეილ ყაველაშვილის მსგავსად.

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ინსტაგრამზე დაწერა: „დიდი მადლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედის მელანია ტრამპს მათი ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობისთვის და არაჩვეულებრივი მიღებისთვის“.

წყარო

 

გაიანას პირველმა ლედიმ ფოტო გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტექსტით: “ახლახანს პრეზიდენტი ირფაან ალი და მე შევუერთდით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედის მელანია ტრამპს, ვახშამზე, რომელიც მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის მოაწყვეს“.

წყარო

შესაბამისად, ფაქტმონიტორის შეფასებით ინსინუაციები მიხეილ ყაველაშვილის ფოტოს შესახებ, რომელიც მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად დონალდ და მელანია ტრამპების მიერ გამართული ვახშმიდან გაავრცელა, საფუძველს არის მოკლებული.  

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე. 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.